კახა კალაძე "სახალხო პარლამენტზე": თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის

კახა კალაძე

"მანდ პრემიერიც სალომე ზურაბიშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს. თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას, რომლის ხელმძღვანელადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება.

მერის თქმით, "სახალხო მთავრობა" დღეს "ქართული ოცნების" სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს.

"სახალხო მთავრობა დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს, ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რაც უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.