კახა კალაძე: ნიკა მელიას ქმედებები არაადეკვატურია, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან ამ ტიპის ქმედებები მძიმე შედეგებს მოგვიტანს საზოგადოებაში, ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა

 კახა კალაძე

დაკავებულ ადამიანზე საუბარი არ მინდა, თუმცა მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური. ისიც წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება განხორციელდება ყველა იმ პირთან მიმართებით, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა.

„პარლამენტში როდესაც გიბარებენ და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. შეურაცხყოფის მიყენებას რაც შეეხება, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალადობრივი ქმედებები, მოწოდება ძალადობისკენ კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ გვინახავს, მაგალითად, დეპუტატისთვის ხელის დარტყმის, შეურაცხყოფის მიყენების არაერთი ფაქტი, რასაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვება ხოლმე, ახალისებენ ამ ყველაფერს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ტაშს უკრავდე – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს საზოგადოებაში, რადგან ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.