კახა კალაძე: მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ

კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყებამ პარტიული ოფისები თუ ბინები გაჩხრიკა და გარკვეული ნივთები ამოიღო, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი ხასიათი აღარ აქვს.

„ამ ყველაფრის შემდეგ ძალადობა შეწყდა. გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ახალგაზრდა ქვებს იღებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას აუცილებლად დასჭირდება შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ. ლიდერები არ ჩანდნენ, თავიანთ ოფისებში თბილად იყვნენ მოკალათებულნი, ცხელ ყავას და ჩაის მიირთმევდნენ, ზოგს ცხელი შოკოლადიც ჰყვარებია, ახალგაზრდებს კი სწირავდნენ იმისთვის, რომ 4, 7 და 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ. ისინი ყველაზე ბოროტი ძალა, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. როგორც მან აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომ ამ მოწოდებას გაიზიარებენ.

„მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები ჩვენს მოწოდებას გაიზიარებენ, რადგან მათი ქმედებები სიძულვილით და ბოროტებით არის გაჯერებული. შეიძლება ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ ნორმალურ ჩარჩოებში განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ გარედან. ისინი ხომ აგენტები არიან და გარედან წამოსულ დავალებებს ასრულებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.