კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში რაც კი უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან დაფინანსებულია - საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, მათი ტრენინგი, სარწმუნოების, იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა

კახა კალაძე

ბოლო წლების განმავლობაში რაც კი უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან თავსმოხვეული, წახალისებული, დაფინანსებულია - საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების მცდელობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, მათი ტრენინგი, წახალისება, სარწმუნოების, საპატრიარქოს, კულტურის, ტრადიციების, იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, ვისი მხარდაჭერით ხდებოდა რადიკალური პროცესები თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

„რა თქმა უნდა გარედან. ვფიქრობ ამაზე კითხვები არ არსებობს არც საზოგადოებაში. ყველა კარგად ხედავს როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ბოლო წლების განმავლობაში რაც კი უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი გარედან თავსმოხვეული, წახალისებული, დაფინანსებულია - საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების მცდელობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, მათი ტრენინგი, წახალისება, სარწმუნოების, საპატრიარქოს, კულტურის, ტრადიციების, იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ეს ყველაფერი ფინანსდება გარედან და მიზანმიმართულად. ისეთ მდგომარეობაში არიან, ძეგლებსაც კი ებრძვიან. რამდენიმე კვირის წინ მეფე ერეკლე მეორეს ძეგლი დავდგით და სრული ისტერიკა ჰქონდათ. შემთხვევითი არ არის ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს ჰყავთ თავიანთი პატრონები გარედან, რომლებიც არიან დამარცხებული. 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ უთხრა არა ქვეყნის მტრებს - იმ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს და შემდეგ გამოიყენოს ისეთი პროცესებისთვის როგორც მაგალითად უკრაინა გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ.

ეს იყო უკრაინელი ხალხის ინტერესი რაც იქ ხდება და როგორც მთავრდება ეს ყველაფერი?! ეს არ გვინდა ჩვენ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მოწოდების სიმაღლეზე იყოს და რაც არ უნდა დიდი ქვეყანა და პოლიტიკური მოთამაშე იყოს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყველამ პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა კალაძემ.