კახა კალაძე: „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, აღნიშნული მეტროსადგურები პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება

კახა კალაძე

„ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებზე განხორციელდება ახალი პროექტი, პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დაგრძელდება აღნიშნული მეტროები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროს პირველ ხაზთან დაკავშირებით. როგორც „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგურზე, ასევე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მიმართულებით პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება კილომეტრი და 200 მეტრი. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, ჰუალინგის, ვარკეთილის მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 ათასი ადამიანი, რომელთა ნაწილი შეძლებს გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი მეტროსადგური. სადგურის დამატებით ასევე შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც, დაახლოებით 576 საათზე არის საუბარი, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა.

რაც შეეხება გლდანის მიმართულებას, აქ პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება კილომეტრი და 100 მეტრით. დილის პიკის საათში კი, ახალი სადგური მოიზიდავს 5 500 მგზავრს. უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11 ათასით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ  გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო – თითქმის 20 წუთით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად  მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკომომიკური აქტივობა.

„მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურებთან, ისედაც დატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.