„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 

მიშა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ თემას გამოვეხმაურო.

გუშინ, ევროპის ყველაზე გავლენიანი სახალხო პარტიის ყრილობა ვნახე, რომელსაც როტერდამში ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტტე მასპინძლობდა და რომელსაც ესწრებოდა ევროპის მრავალი სახელმწიფოს ლიდერი.

პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა.

ის, რაც გუშინ მოხდა როტერდამში ჩემთან მიმართებით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის (და მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და უკრაინის მოქმედი თანამდებობის პირი ერთდროულად).

ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის.

ჩემი პოზიცია დღესავით ნათელია - მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, მიუხედავად ჩვენი უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ხდებოდა, საკმაოდ მალე გახდა ევროკავშირის წევრი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.