VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა.
მომხსენებელმა ისაუბრა საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის ძირითადი სტატისტიკური მონაცემების თაობაზე.
„2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59.0% განთავსებული იყო 9 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6.0% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 18.5%, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 15.0%-ს შეადგენდა. აქტივების 0.5% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 1.0% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა 3 პორტფელმა - კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური - საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან (2023 წლის 7 აგვისტო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისთვის) 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა, შესაბამისად, 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში - 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში 6 124 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული დარეგისტრირდა და გაწევრიანდა 114 177 დასაქმებული.
შედეგად, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში, დაარსებიდან დღემდე, გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ ჯამში 1,528 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სქემიდან გავიდა 173 ათასი მონაწილე და საპენსიო სქემაში დარჩა 1,320 ათასი მონაწილე. სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა კი ჯამში 117 ათასია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 490 დასაქმებულმა ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან კი იმავე პერიოდში სქემაში ხელახლა 454 დასაქმებული გაწევრიანდა.
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო ოდენობამ (მაკორექტირებელი დეკლარაციების გარეშე) 4,181,726,906.17 ლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით - 594,704,553.97 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.