„იყო აუცილებლობა მოგერიების. გახარიას თუ არ აქვს ბრძანება გაცემული რეზინის ტყვიების გამოყენების, მაშინ უნდა გამოიძიოს სასამართლომ, ვინ გასცა ბრძანება, ვინ ან რამ აიძულა პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის“ - გიორგი შარაშიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გიორგი შარაშიძე

„მთავარი ეპიზოდია, რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, სტრასბურგის გადაწყვეტილება მკაფიოდ ამბობს, რომ გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუცია, არც გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე არ გაუცია, შესაბამისად, იმ მთავარ გადაცდომაზე და დანაშაულზე, რაც დაადგინა სტრასბურგმა, გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ, 20-21 ივნისის აქციებისას ძალის გამოყენების შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, "ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

"პუნქტობრივად ჩამოვყვეთ რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ, მისმა დიდმა პალატამ. პირველი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო შტურმი და იყო მოგერიების აუცილებლობა. იყო ძალის გადამეტება გარკვეულ შემთხვევებში და ეს ძირითად ეხება ე.წ. რეზინის ტყვიების გამოყენებას. მთავარი ეპიზოდია, რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, სტრასბურგის გადაწყვეტილება მკაფიოდ ამბობს, რომ გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუცია, არც გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე არ გაუცია, შესაბამისად, იმ მთავარ გადაცდომაზე და დანაშაულზე, რაც დაადგინა სტრასბურგმა, გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუცია“, - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

კითხვაზე - ვისი ბრალეულობაა და ვინ გასცა მაშინ ბრძანება, რომელმაც ადამიანების დაზიანება გამოიწვია, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ სწორედ ამის დასადგენად არის მნიშვნელოვანი ამ საქმის გამოძიება სამართლიანი სასამართლოს პირობებში.

"ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ამ საქმის სამართლიანი გამოძიება სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს კითხვა, რასაც ჩვენ ვსვავთ, ლოგიკურია. იმიტომ, რომ თუ ჩვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვაღიარებთ და რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ, რომ არ არსებობს მსოფლიოში ამაზე მაღალი სტანდარტის მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ იმასთან ერთად, რომ ეს იყო შტურმი და იყო დამდგარი აუცილებლობა მოგერიების და დაშლის, ამავე დროს, გიორგი გახარიას თუ არ აქვს ბრძანება გაცემული რეზინის ტყვიების გამოყენების, მაშინ უნდა გამოიძიოს სასამართლომ, ვინ გასცა ბრძანება და როგორ მოხდა. ამ უფლებამოსილების გადაჭარბების, ძალის გადამეტების და არაპროპორციულობის ნაწილში. რეალურად ვინ ან რამ აიძულა ეს პოლიციელები ძალის გადამეტებისთვის.

აქ არის საუბარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ცხადია, გიორგი გახარია არც დღეს გაურბის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

კითხვაზე - სად გადის ზღვარი პოლიტიკურსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ სწორედ ეს უნდა გამოიძიოს სასამართლომ.