გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია "ფეისბუკზე" წერს.
ამასთან, ნიკა გვარამია აღნიშმავს, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას":
"საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული "პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.
ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ "მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!
გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.
ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.
ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.
ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით - ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.
ერთადერთი, რისი იმედიც, ქოცებს დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.
ჩავხედოთ რეალობას თვალებში - ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია,
მივდივართ - ევროპაში!
და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!"- წერს ნიკა გვარამია.