1735251690
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.
შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, განსაკუთრებით, სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ქცევის კორექციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, ნიკო თათულაშვილი.