დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისა და უცხოური დაფინანსების მეშვეობით ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევის მეტად ეფექტიანი პრევენციის მიზნით, გასული ერთი წლის განმავლობაში მიღებულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.
„საგულისხმოა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, როგორც გრანტის თანხმობის გარეშე გაცემის და მიღების მონიტორინგს, ისე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მიმდინარე წლის 2 მარტიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს. შესაბამისად, იმისათვის რომ ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქცია ერთმა კონკრეტულმა ორგანომ - კონსტიტუციურმა ორგანომ განახორციელოს, მიზანშეწონილია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით რეგლამენტირებული უფლებამოსილებებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცეს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.