იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის ფოიე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციირებული პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

„აღნიშნული ცვლილების მიხედვით, პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდენენ სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულებს, მოუწევთ, 30 წლის განმავლობაში შეავსონ თანამდებობის პირისთვის გათვალისწინებული დეკლარაციები, ინფორმაცია მათი უძრავი და მოძრავი ქონების, ამავდროულად, კანონით გათვალისწინებული წესით გადარიცხვებით მიღებული სარგებლის შესახებ. ნებისმიერი ინფორმაცია იქნება საჯარო და დაექვემდებარება როგორც შესაბამისი ორგანოების კონტროლს, ამავდროულად, საზოგადოებრივ კონტროლს.

პირებს თუ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ მიითვისებდნენ თანხებს და სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებდნენ თავიანთი პირადი მიზნებისთვის, ახლა ამის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რომელშიც ასე აქტიურად არის ჩართული თითოეული უწყება, იქნებიან ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგამოძიებო სამსახურები, თუ პარლამენტი, რომელიც მეორე მოსმენით ვიღებთ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები კიდევ ერთხელ დააზღვევს ახალი კორუფციული დანაშაულების ჩადენას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.