ისრაელი მზადაა, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გიდეონ საარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველი კოლეგისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, ისრაელი მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.

„თქვენო აღმატებულებავ,

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გიგზავნით გულთბილ მილოცვას პირადად თქვენ და ქართველ ხალხს.

ისრაელსა და საქართველოს ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ჰარმონიასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელთა ფესვები ჩვენი ქვეყნებისა და ერების ღრმა ისტორიულ კავშირებშია საძიებელი, ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება მთელ რიგ სფეროებში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და ტექნოლოგიების ჩათვლით.

ისრაელი მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენი ურთიერთობები და გააფართოოს თანამშრომლობა ყველა სფეროში.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს კეთილდღეობისთვის და თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.