დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ატოცში, ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა, ჩვენი მიწა-წყალი შემოგვიღობეს, ისევ დაგვამცირეს,- ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელებს ხერსონის დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცში უკანონო ინსტალაცია სწორედ იმ დღეს აღმართეს, როდესაც უკრაინამ ხერსონი დაიბრუნა.
,,მინდა უკრაინელებს მივულოცო ხერსონის დაბრუნება, 8 თვიანი ოკუპაციის შემდეგ. 11 ნოემბერს მოხდა ეს ამბავი, მეც, როგორც ყველა ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები ოკუპირებულ ქალაქში დაბრუნებას და როგორი აღტაცებულები სკანდირებდნენ საკუთარი ჯარის სახელს. ზუსტად იმ დღეს, 11 ნოემბერს მინდოდა, მიწა გამსკდომოდა მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რადგან სწორედ 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ატოცში ისევ დაგვიყენეს ინსტალაციები რუსმა ოკუპანტებმა, ჩვენი მიწა-წყალი შემოგვიღობეს ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინული არმიის დანახვისას უკანმოუხედავად გარბოდნენ რუსები, იმ დღეს ისევ ჩვენ დაგვამცირეს, ტაჯიკეთი არ ეპუება, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები, დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ, ვისაც გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. უფრო მეტიც, ფიანდაზები რომ დავუგეთ საზღვარზე რუს ოკუპანტებს, დეზერტირებს, გამოქცეულებს, ყველაზე სამარცხვინო ხალხს, მათგან ერთ-ერთი ქართველებს გვაგინებდა მარჯანიშვილზე, დაიჭირეს და მეორე დღეს გამოუშვა პოლიციამ. მეორე რუსმა, იმავე დღეს ქართველი გოგო კაფეში ფეხქვეშ გაიგდო. აი, ასეთი უმადური იმპერიალისტი ხალხია რუსები, ამიტომ ვამბობდი, რომ არ უნდა შემოგვეშვა. ვაბედვინებთ და ამიტომ გვიბედავენ ამ ყველაფერს, ამიტომ ვართ ასეთ სამარცხვინო დღეში. გიგა ოთხოზორია, ახალგაზრდა ბიჭი რომ დაგვიკლეს ქართული პოლიციის საგუშაგოზე და მისი მკვლელი დღემდე ლაღად რომ დადის. გამოფატრული რომ დაგვიბრუნეს ლომივით ბიჭი, აჩიკო ტატუნაშვილი და მისი მკვლელები რომ დადიან არხეინად და შერჩათ ეს ყველაფერი, ამიტომაც გვიბედავენ, რასაც გვიბედავენ. ეს დღეები მინდა, რომ მიწა გამისკდეს. მეგონა, მეომრების ქვეყანა ვიყავით. რით იყვნენ ჩვენი წინაპრები სახელოვანი, იმით, რომ ქედს არ უხრიდნენ არავის, ჩვენ ვართ ასე თავჩაღუნულები. მინდა ,,ქართულ ოცნებას“ გკითხოთ, არ გაწუხებთ ასე ღირსებააყრილები რომ ვართ? ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ?“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.