ის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ფასი შეიძლება ჰქონდეს პარტიის ნაწილისთვის, არ ნიშნავს, რომ ერთპიროვნულად აქვს გადაწყვეტილება მიღებული - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადებიან. პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესი დემოკრატიული პრინციპებით წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებას დელეგატები მიიღებენ. პარალელურად, პარტიის ლიდერები მიმდინარე დაპირისპირებაზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.

პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და თავმჯდომარის არჩევნებზე პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს.

"ეს იქნება დემოკრატიული პროცესი და საბოლოო ჯამში ვისაც დელეგატები აირჩევენ, ის გახდება პარტიის თავმჯდომარე. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ფასი შეიძლება ჰქონდეს პარტიის ნაწილისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ასე, ერთპიროვნულად აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ახლა ვხედავთ დაპირისპირებას, რომელიც ცალსახად არის მიმართული "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და კონკრეტული ადამიანები მუდმივად გამოირჩევიან იმით, რომ პიროვნულად თავს ესხმიან "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერს, რაც არის ძალიან სამწუხარო," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წევრები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ თინათინ ბოკუჩავას მუშაობის სტილს უწუნებენ. თავის მხრივ, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მსჯავრდადებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი მას თავისუფლად ლავირების საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც არაეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებდა.

ამასობაში, უკვე დადასტურებულია, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი მხარს ნანუკა ჟორჟოლიანზე უჭერს, ანა წითლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოზე, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს.