„ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის“ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ გლობალური ძალები, საკუთარი რევოლუციური მიზნების განსახორციელებლად, ბრიტანულ რესურსს იყენებენ, რომელიც რეალურად USAID-ის ალტერნატივაა.

უმრავლესობის თქმით, მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ, ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ "დიფ სთეითის" გავლენები სხვა ქვეყნებზე ამერიკის ნაცვლად, ახლა უკვე ევროპის კონტინენტიდან ვრცელდება.

უმრავლესობა ბრიტანული დაფინანსებით დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება, რაც მათივე განცხადებით, USAID-მა ბოლო რამდენიმე არჩევნების წინ, კონკრეტული ენჯეობის ხელით სცადა.

შედეგების გაყალბება, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა და სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამერიკული ორგანიზაციის მიმართ ეს არა მხოლოდ ბრალდებები, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე დადასტურებული ფაქტებია. "დიფ სთეთი" კი ამ მიზნების განხორციელებას საქართველოში ახლა უკვე ბრიტანული დაფინანსებით შეეცდება.

"ეს არის შეტევა ქართულ დემოკრატიაზე. მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ამხილა USAID და სხვა ფონდები, არასამთავრობო სექტორის ხელით ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებაზე შეტევას, რევოლუციების მოხდენას, დღეს სიმძიმის წერტილმა, "დიფ სთეითის" კუთხით გადაინაცვლა ევროპაში და ბრიტანეთში. ცალსახაა, რომ რასაც აკეთებდა USAID და NED-ი დღეს უკვე ბრიტანეთის კონკრეტული ფონდების მეშვეობით არის სურვილი, რომ გაკეთდეს. აქედან შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ის, რაც ვერ შეძლო საქართველოში NED-მა და USAID-მა, ასევე იქნება შეუძლებელი სხვა ფონდებისთვის", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით მათიკაშვილმა.