ის ქვეყნები, სადაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, მხარს უჭერენ სიმართლეს. სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი, ისინი უფრო მძაფრად არიან განწყობილი ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ერთი ქვეყანა იყო, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი, ეს ნიშნავს, რომ სადაც შეუძლიათ, მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ მხარს სიმართლეს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„არ ვამბობ, რომ დანარჩენ 22 ქვეყანაში აბსოლუტურად ბოლომდეა დაქვემდებარებული ყველაფერი რაღაც კონტროლს, მაგრამ ვიღაც თავს იკავებს საპირისპირო პოზიციის დაკავებისგან, მაგალითად ბალტიის ქვეყნები აგრესიულები არიან. სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი, იმ მმართველობის პირობებში, რომლებიც დღეს მართავენ ამ ქვეყნებს, ისინი არიან უფრო მძაფრად და რადიკალურად განწყობილები საქართველოს ხალხის მიმართ. არაფერი დაგვიშავებია ჩვენ მათთვის. ბალტიის ქვეყნები იმიტომ არიან უფრო აგრესიულები ჩვენს მიმართ და უფრო წინსწრებით გამოხატავენ აგრესიას, სანქციებსაც კი აწესებენ, რომ იქ ყველაზე ნაკლებად არის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი მათი დღევანდელი მმართველების წყალობით. ხალხს არაფერს ვერჩით. ჩვენი პოზიციაც ამაში აისახა. ბალტიის ქვეყნების დღევანდელი ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის იმ ელემენტარულ ხარისხსაც კი, რომ სანქციები არ დააწესონ არაფორმალური ჯგუფების გავლენით. აქედან გამომდინარე, ვისაც აქვს მაქსიმალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ისინი მხარს გვიჭერენ, ვიღაცას აბსოლუტურად განულებული აქვს ეს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის ხარისხი და აგრესიულები არიან. დღეს ხუთია, ვინც მხარს გვიჭერს, კიდევ უფრო მეტი იქნებიან მომავალში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ში სიტუაცია შეიცვლება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.