„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ეუთოს მოქმედმა ხელმძღვანელმა და ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაც იკადრა, არაფერში წერია, ეს ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ელინა ვალტონენთან ჩანიშნული შეხვედრის გაუქმება ბუნებრივი იყო.
„რადიკალებთან ერთად რუსთაველზე დადგა. 20-30 კაცი იყო, სადაც უკვე რამდენი ხანია, უსაფუძვლოდ კეტავენ ქუჩას. ამით ეს უსამშობლოები და რადიკალები ძალადობენ, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობაზე, ვინც იქ ცხოვრობს და სწორედ მათი წახალისება იყო, ის რაც გააკეთა ქალბატონმა ელინამ. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, რეაგირება სწორი და ადეკვატური იქნებოდა ჩვენი ხელისუფლებისგან. ბუნებრივია, დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა და ჩაიშალა კიდეც“, - აღნიშნა ზარქუამ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი დიპლომატები და ელჩები თავიანთ მანდატებს აცდენილები არიან.
„მე არ ვიცი ეს რას უკავშირდება - არაკომპეტენტურობას, უცოდინარობას თუ დაკვეთის შესრულებას. ცუდად ჩანს, როდესაც მიდიხარ რუსთაველის პროსპექტზე რადიკალებთან, თან ცრუობ და ამბობ, მშვიდობიანი მომიტინგეებიო. ქალბატონმა ელინამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამიტომაც ახლა რადიკალებს და უსამშობლოებს ელაპარაკოს. ის მანდატი დაარღვია, რითაც აქ ჩამოვიდა. როდესაც აქ ჩამოდიხართ ეუთოს თავმჯდომარის მანდატით და ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი დაკვირვებულობა მართებს. შერცხვენილია“, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.