ირაკლი ზარქუა ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ - თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო - 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი

ზარქუა

 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციამ 2 წამში გაყიდა ერთმანეთი.

„ახლა ემიჯნებიან ერთმანეთს. ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ეგონა სახლში. მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ - მე თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო - მაშინ, როდესაც ყველა ეს პირი და სხვებიც ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, „რუსთველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა“. 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი და წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში”, - აღნიშნა ზარქუამ.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის 35 ადამიანია დაკავებული.