ირაკლი ზარქუა: ესტონეთს მილიონი გამოწვევა აქვს, მათ შორის მაღალი ტარიფები, ინფლაცია, უმუშევრობა, სად სცალიათ, საქართველოში პროცესები აფინანსონ?

ირაკლი ზარქუა

ესტონეთს მილიონი პრობლემა, გამოწვევა აქვს, მათ შორის მაღალი ტარიფები, ინფლაცია, უმუშევრობა და სად სცალიათ, საქართველოში პროცესები აფინანსონ?, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ზარქუას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„როგორც კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოზე ძალადობა და ბულინგი შეწყდა, მაგრამ ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას იყო ამოფარებული, ახლა ბალტიისპირეთის მიმართულებით გადაინაცვლეს და უკვე ისინი აფინანსებენ ფონდებს. ესტონეთს მილიონი პრობლემა, გამოწვევა აქვს, მათ შორის მაღალი ტარიფები, ინფლაცია, უმუშევრობა და სად სცალიათ, რომ საქართველოში პროცესები აფინანსოს? – ხელმოცარულებმა საქართველო რომ ვერ ამოატრიალეს და აგენტურა ვერ დასვეს, ახლა ამ ყველაფერს ბალტიისპირეთის ხელმძღვანელების ხელით აგრძელებენ. ამას ვხედავთ. პოლიციელების გვარები მე არ ვიცი და იქ უკვე იციან. ამაზე მეტი საქმე არ აქვთ? მათი ამოცანაა, აქ გადატრიალება მოახდინონ, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და აქ აგენტურა დასვან, რომელსაც რასაც უნდათ, იმას გააკეთებინებენ. ვისურვებ, რომ დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითი“ დაამარცხოს, ჯერ ბრძოლაშია. გლობალური ომის პარტია ისევ მძლავრად არია და ვისურვებდი, რომ ამ უბედურების დამარცხებას უფრო გაბედულად შეუდგნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. თუმცა, მნიშვნელოვანია,  მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა თავიანთი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს“.