ირაკლი ზარქუა: აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდა რევოლუციური სცენარის რეალიზაციისთვის, იმისთვის რომ ძალადობისთვის ეკიპირება შეეძინათ აქციის მონაწილეებისთვის

ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ რევოლუციური სცენარის რეალიზაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა.

„აღმოჩნდა, რომ ის ფინანსები, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] - შშმ პირების დახმარებისთვის, უფლებების დაცვისთვის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებისათვის, არცერთი ამ მიმართულებით, რაც თვითონვე ეწერათ თავის წესდებაში არ იხარჯებოდა. იხარჯებოდა რევოლუციური სცენარის რეალიზაციისთვის, იმისთვის რომ ძალადობისთვის ეკიპირება შეეძინათ ამ აქციის მონაწილეებისთვის. ბუნებრივია, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და რეაგირება ექნებოდა. პირველ ეტაპზე ეს არის ანგარიშების დაყადაღება, შემდეგ ალბათ გამოძიება გაგრძელდება“, - განაცხადა ზარქუამ.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.