ირაკლი ქადაგიშვილი: ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე, აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს?

ირაკლი ქადაგიშვილი

ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ენას იყენებს. ყულევი არის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი, რომელიც არის აზერბაიჯანის, „სოკარის“ საკუთრება, აზერბაიჯანი ევროპის ერთ-ერთი მომმარაგებელია გაზითაც და ნავთობითაც. ამიტომ ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე, აზერბაიჯანულ ტერმინალს აყადაღებს? – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილიმა განაცხადა.

ქადაგიშვილს ჰკითხეს: ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებით აშანტაჟებს თუ არა ხელისუფლება ევროპას, რომ ყულევის ტერმინალის დასანქცირების შემთხვევაში გაზს აღარ გაატარებს?

როგორც ქადაგიშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვაზე დაბარება არის საგამოძიებო მოქმედება.

„თუ ამით უნდა ევროკავშირს, რომ შუა დერეფანის მაღალი ავტორიტეტი შელახოს? კითხვა ევროკავშირისკენ არის. რაც შეეხება იმას, საქართველო უნდა იყოს თუ არა აზიისა და ევროპის ენერგეტიკული დამაკავშირებელი, თუ ვინმეს ამის მიმართულებით ძალისხმევა გაუწევია, პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული თუ ინსტიტუციური მოწყობის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. ამიტომ შანტაჟის საქართველოს მხარეზე გადმოტანა არარელევანტურია. ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოკითხვაზე დაიბარა, ეს არის საგამოძიებო მოქმედება. მათ მოგვახსენეს, საკითხი რას ეხებოდა. ეხებოდა – გარკვეულ ენერგეტიკულ შეთანხმებას და საჭიროებაა იმის გარკვევა, ეს შეთანხმება იყო თუ არა კანონიერი და ა.შ. საქმის დეტალებს არ ვიცნობ, ამიტომ მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გუშინ გამოკითხეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოკითხვა კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხებოდა.