ირაკლი ქადაგიშვილი: სახდეპის განცხადება აჩვენებს, რომ ზუსტად ანალოგიურ პოზიციას ახმოვანებდა საქართველო, როცა ამბობდა, რომ არასამთავრობოები იქცნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტებად

ირაკლი ქადაგიშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აჩვენებს იმას, რომ ზუსტად ანალოგიურ პოზიციას საქართველოს ხელისუფლება ახმოვანებდა იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იქცნენ არა საზოგადოებისთვის საჭირო მხარდამჭერ ორგანიზაციებად, არამედ პირდაპირ ინსტრუმენტებად ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ასეთმა ჩარევებმა განაპირობა ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძირითადი დანიშნულება დაკარგეს და მანიპულაციის იარაღად იქცნენ.

„როცა მათი დაფინანსების გამჭვირვალობა მოვითხოვეთ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ. რატომ წავიდნენ? – ეს ყველაფერი უკვე ზედაპირზე დევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ – პოლიტიკური მანიპულაციის, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩარევის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე ზემოქმედების იარაღები. საქართველოსთან მიმართებაში კი ითქვა, რომ აქციების დაფინანსება ორგანიზებული იყო. მთელი პარადოქსი ის იყო, რომ ხალხი თავისუფლების მოთხოვნით გამოჰყავდათ და ის არ უნდა გაგვეგო, ამ ყველაფერს თუ ვინ აფინანსებდა. ეს ყველაფერი საქართველოზე მძიმედ აისახა, თუმცა კარგია, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდით. კარგია, რომ ამერიკა ამ მავნე პრაქტიკას უკვე ოფიციალურ დონეზე აღიარებს და გმობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.