ირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები

ირაკლი ქადაგიშვილი

თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა კითხვა დაუსვა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული დასკვნის ავტორის პოლონელი ექსპერტის პატრიცია გჟებიკის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც აღიარებს, რომ შეზღუდული იყო დროში, ხელისუფლება კონსტრუქციულად თანამშრომლობდა მასთან.

„თუ ყურადღებით გავეცნობით მის [პოლონელი ექსპერტის] ინტერვიუს, აღმოვაჩენთ ერთ რამეს, რომ ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ავტორიტეტული ექსპერტი, რომელსაც უნდა დაედო ისეთი დასკვნა, რომელსაც წყალი არ გაუვიდოდა, ყველგან და ყველაფერში ამბობს, რომ ვცდილობდი ვყოფილიყავი ძალიან ფრთხილიო. თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, ან მკვეთრი არგუმენტების დასასმელი საჭირო ინფორმაცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დაკვეთა და დროის მოკლე პერიოდში საჭირო იყო ამ პოლიტიკურ დაკვეთაზე გარკვეული დასკვნის დადება, რომ ერთგვარი აჟიოტაჟის, ან საქართველოზე ზეწოლის მექანიზმად გამოყენებულიყო. როგორც BBC-ის გამოძიება დარჩა ბუმბულგაცლილ თუთიყუშზე დასული, აღმოჩნდა, რომ ეს დასკვნაც ასეა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.