ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ამ სტუდიაში სპეცრაზმი შემოვიდა მართალი სიტყვის ჩასახშობად, მაშინ მე არ ვიყავი პირდაპირ პოლიტიკაში ჩართული, თუმცა მაშინ მეც გარეთ ვიყავი და „იმედის“ წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ ფაქტს ვაპროტესტებდი. დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი. ეს ნაბიჯი ამ მონაპოვრის წინააღმდეგ არის გადადგმული, რადგან თავისუფალი სიტყვა სწორედ საზოგადოების სიჯანსაღესა და სიძლიერეზე მეტყველებს. სწორედ ეს სიჯანსაღე და სიძლიერე აღმოჩნდა გამაღიზიანებელი ბევრისთვის. ამიტომ გადაწყვეტილს, რომ მათი გაგებით ასეთი დარტყმა მიეყენებინათ „იმედისთვის“. ერთი რამ ფაქტია, სიმართლე ყოველთვის გამარჯვებული გამოდის და სიმართლე ამ შემთხვევაში ერთია - საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოში არის დემოკრატიული სტანდარტი და საქართველოში არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ვინც ამას უტევს მათი წარმატება უშედეგოა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.