ირაკლი ქადაგიშვილი: არმაზ ახვლედიანს რომ აფინანსებ, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებ, ვის აყრი თვალში ნაცარს, თითქოს პოლიტიკურ-სამოქალაქო დიალოგს აფინანსებ, ეს არის პოლიტიკოსის დაფინანსება

ქადაგიშვილი

ყველა უცხოელი პარტნიორია, მეგობარია თუ კიდევ ვინ არის, გააცნობიეროს, რომ საქართველოში ქართული კანონმდებლობით უნდა იმოქმედოს და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.

მისივე თქმით, შემოვლითი გზით უკანონოდ მაინც ხდება პოლიტიკის დაფინანსება.

„ის კანონმდებლობა, რომელიც უცხოურ დაფინანსებას ავალდებულებდა ელემენტარული გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვას, მათთვის მტკივნეული აღმოჩნდა. არმაზ ახვლედიანს რომ აფინანსებ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებ. არმაზ ახვლედიანი ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგის სიით შემოსული პარლამენტში. მიუხედავად ამისა,  არჩევნების შედეგებს და კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებდა. როდესაც შენ ცდილობ, რომ ასეთი ტიპის ადამიანები დააფინანსო, ამით შენ პოლიტიკას აფინანსებს და ეს სამოქალაქო დიალოგის არანაირი ხელშეწყობა არ არის. სამოქალაქო დიალოგზე თუ გაქვს საუბარი, ეს ფარულად არ უნდა კეთდებოდეს და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც საჯარო უნდა ყოფილიყო. სახეზე გვაქვს პოლიტიკოსის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის დაფინანსება. საინტერესო იქნება, რა შედეგებს მოიტანს მოკვლევა. ერთხელ და სამუდამოდ, ყველა უცხოელი პარტნიორია, მეგობარია თუ კიდევ ვინ არის, გააცნობიეროს, რომ საქართველოში ქართული კანონმდებლობით უნდა იმოქმედოს და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით. მათთვის საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო კანონმდებლობის და ქვეყნის კანონების დარღვევის და გვერდის ავლის ადგილი.

აუდიტის სამსახურს უკვე გამოკვლევა აქვს დაწყებული და მოვლენებს არ გავასწრებ მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შემოვლითი გზით უკანონოდ მაინც ხდება პოლიტიკის დაფინანსება. ვიღაცამ შეიძლება, თქვას არმაზ ახვლედიანი პოლიტიკოსი არ არის, – პოლიტიკოსია. ეს არის პოლიტიკოსის დაფინანსება. პოლიტიკოსის, რომელიც ორი ბოლო არჩევნების განმავლობაში არ აღიარებდა არჩევნებს და იძახდა, რომ ეს არის „რუსული ოცნების“ არჩევნები. ამას, რომ აფინანსებ, ვის აყრი თვალში ნაცარს, რომ პოლიტიკურ-სამოქალაქო დიალოგს აფინანსებ? სამოქალაქო დიალოგს კი არა, ამ ხელმოცარულ პოლიტიკურ რადიკალიზმს გინდა, რომ საკვები მიაწოდო. ეს არის მთელი რეალური ფილოსოფია ევროსაბჭოს საქმიანობის ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.