ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წლის არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემით ტარდება და წარმოუდგენელია ISFED-ის მანიპულაციების განხორციელება

ქადაგიშვილი

ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის, მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს და იმ ცნობილი დაუძინებელი „მეგობრების“ სახეებს, რომლებიც 2020 წლიდან ერთი და იგივე სიმღერას უმღერიან საქართველოს მოსახლეობას,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა 2020 წელი, როდესაც ამ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთლიანად დემოკრატიის ჩამოქცევა მოინდომეს საქართველოში და მაშინაც მხარდაჭერილი იყვნენ უცხოეთისაგან.

„თუმცა, ერთი არგუმენტი და კონკრეტიკა ვერ მოიტანეს თუ რა მტკიცებულება გააჩნდათ იმაზე, რომ არჩევნები სადღაც რაღაცით გაყალბდა. ისევ უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ISFED-ი, რომელსაც თითქოს სამართლიანობაზე უნდა ეზრუნა არჩევნებისა, აღმოჩნდა, რომ იყო ჩვეულებრივი გამყალბებელი, იმის იმედად, რომ ჩემს უკან დასავლეთი დგას და ვერ გამიბედავენ სიტყვის თქმას. გავუბედეთ და ბოლოს ბოდიში როგორც იქნა თვე-ნახევრის შემდეგ მოიხადეს. ისინი თვე-ნახევარი ცდილობდნენ პასუხისმგებლობის არიდებას და მიჩქმალვას. იმედი ჰქონდათ რევოლუციური სცენარის განხორციელებისა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში მანიპულაციების შესაძლებლობის არ არსებობაზეც.

„დღევანდელ არჩევნებში, მითუმეტეს რომ ელექტრონული ხმის მიცემით ტარდება, წარმოუდგენელია ISFED-ის მანიპულაციების განხორციელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ იცის ეს სცენარი როგორ თამაშდება, ამიტომ თავს ვერავის ვერაფერს მოახვევენ. იმაზე, რომ ისინი წინასაარჩევნოდ შეეცდებიან გარკვეული დაძაბულობის კერების შექმნას, საზოგადოება უკვე წინასწარ გაფრთხილებულია“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.