„თუ ეს სიმპტომი გაქვთ, სისხლის ანალიზი აიღეთ“ - ექიმი საზოგადოებას მიმართავს
1760464903
სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა, სადაც სხდომაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ხელოვნური ინტელექტის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
დეტალებზე მეზურნიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ჩვენი დელეგაციის გზავნილი იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში ხალხს. ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ამ მიმართულებით. რეკომენდაციების შესახებ ბულგარეთის დედაქალაქ ქალაქ სოფიში ნოემბერში ვისაუბრებთ, სადაც ერთობლივ სამუშაოს შევაჯამებთ. GITA-მ სულ ახლახან დააანონსა, რომ საქართველოში, ქუთაისში შეიქმნება პირველი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც ერთგვარი პლატფორმა იქნება სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის. დიდი შესაძლებლობა იქნება მეწარმეებისთვისაც, რადგან ამ ცენტრში მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და გაცვლიან იდეებს“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი მრავალფეროვანი, დინამიკური და მდიდარია ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით.
„ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მოდერნიზდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები დასაქმებისთვის. ეს პოტენციალი იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებული, თუ ჩვენ შევქმნით მკაფიო და სამართლიან სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც წაახალისებენ ინოვაციებს და ამავდროულად დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ძალიან სამართლებრივი და სწორი პოლიტიკური ჩარჩო შეიქმნება საქართველოში, რათა ეს სფერო განვითარდეს და ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ძალიან დიდი სარგებელი ამისგან“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.