ირაკლი მეძმარიაშვილი საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საწყლოსნო სახეობების  საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზიფ ვარვოდიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, წყალბურთის ჩემპიონატისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება ცალკე საცურაო აუზის აშენებას არ საჭიროებს და შესაძლებელია უკვე მოქმედ თბილისის სპორტულ არენაზე ასაწყობი საცურაო აუზის მოწყობა, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამართვის საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს.

„წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატის გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სპორტულ გუნდებს თავისი გულშემატკივრებიც ჩამოჰყვებიან, რომლებიც საქართველოს შესახებ უფრო მეტს გაიგებენ და ჩვენს კულტურას და ისტორიას გაეცნობიან. მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის ნამდვილად ღირს დამატებითი თანხების მოძიება და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის შეხვედრებს და კონსულტაციებს გავმართავ“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ჯოზიფ ვარვოდიჩმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ხორვატიაში მიიწვია, სადაც საშუალება მიეცემა სახელმწიფოს მიერ სპორტული ფედერაციების დაფინანსების ხორვატიულ მოდელს გაეცნოს.