ირაკლი კობახიძე: კონცენტრაცია არის პრობლემა თანაბარი განვითარების კუთხით, ამიტომ დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას

ირაკლი კობახიძე პარლამენტში

დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას, პირდაპირ კავშირში ეს განათლების ხარისხთან რა თქმა უნდა, არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება დეკონცენტრაციას, აქ უფრო მეტად საუბარია ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევაზე და არა იმდენად განათლების ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევაზე.

„კონცენტრაცია არის პრობლემა თანაბარი განვითარების კუთხით, ამიტომ რეალურად დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. პირდაპირ კავშირში ეს განათლების ხარისხთან რა თქმა უნდა, არ არის. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. რომ ავიღოთ ქუთაისი, რომელიც ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი საბჭოთა პერიოდში, იცით, რომ ქალაქმა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამას მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ძალიან დიდი მიგრაცია. მიგრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც მიგრაცია მეტია, ვიდრე დაბრუნების მაჩვენებელი. თანდათანობით კლებულობს ქუთაისის მოსახლეობა. ჩვენ ვფიქრობთ, ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია. საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის გარდაქმნა, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია დეკონცენტრაციაზე, აქ მთავარი მიზანი არის ქვეყნის თანაბარი და რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და არა იმდენად განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას სპეციალობებისა და რეგიონულ ჭრილში, ამაზე დაახლოებით 2-3 თვეში იქნება კვლევის შედეგები და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება სტუდენტებზე ადგილები სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით.

„რაც შეეხება რეგიონულ ჭრილში გადანაწილებას, აქაც უხეშად შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ნაწილდება ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ არა არსებითად. დღეს 85% თბილისი 15%-ია ყველა დანარჩენი, მათ შორის ქუთაისი არის 5% ყველა დანარჩენი არის 10%. დღევანდელი მდგომარეობით, 5 რეგიონული უნივერსიტეტია, ეს არის ბათუმი, გორი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისის არ ვთლი, რადგან ცალკე გვაქვს გამოტანილი. ამ ხუთ უნივერსიტეტში შეიძლება, 10%-იანი მაჩვენებლიდან ავიდეთ დაახლოებით 15%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება თბილისსა და ქუთაისს შორის სტუდენტების გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. შეიძლება, თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა. დღეს სტუდენტების რაოდენობა არის 150 ათასი და ჯამურად შემცირდება 110 ათასამდე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური გადანაწილება.

თბილისშიც და ქუთაისშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობის დაფარვა. მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტი უნდა იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც. არ არის გათვალისწინებული თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა. რაც შეეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, ჩვენი ხედვით, ესენი უნდა იყოს უფრო პროფილური და აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული, აგრარულ, პედაგოგიურ მიმართულებაზე და ა.შ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.