ირაკლი კობახიძე IPSOS-ის კვლევაზე: 2012 წლამდე სასამართლო გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი რგოლი იმ რეპრესიულ მანქანაში. 2012 წლის შემდეგ რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება სასამართლო სისტემაში

კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 61%-ის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არის ძალიან ან მეტწილად კარგი.

„2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის პირველ რიგში ეს ეხება დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ასევე კონკრეტულად სასამართლო ხელისუფლებას. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. თავიდან ბოლომდე სააკაშვილი-ადეიშვილის სისტემას ექვემდებარებოდა სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი რგოლი იმ რეპრესიულ მანქანაში, რომელიც ძალიან მძიმედ ზემოქმედებდა ადამიანებზე ამ ქვეყანაში.

2012 წლის შემდეგ რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება სასამართლო სისტემაში, რასაც სტატისტიკაც მოწმობს. რამდენჯერმე არის გაუმჯობესებული სტატისტიკა სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეებზე. ასევე რამდენჯერმე არის შემცირებული სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სასამართლო ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნა გაიზარდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ყველა ეს მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ფუნდამენტური პროგრესი, არამედ აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა ან მეტ-ნაკლებად მასშტაბური პრობლემა, რაც შეიძლება ზოგადად ქვეყანაში სასამართლოში არსებობდეს.

ამ ფონზე ჩვენი ოპონენტების და მათი მფარველების, უცხოელი პატრონების მცდელობა, რომ რაღაც ცვლილებები შეიტანონ სასამართლო სისტემაში, თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული ერთადერთ ამოცანაზე - მათ სურთ, რამენაირად, თუნდაც, მცირე დოზით აღადგინონ კოლექტიური ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო სწორედ ეს, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას გარკვეული დოზით მაინც აღედგინა სასამართლოზე კონტროლი, თუმცა, საბედნიეროდ, პროცესები სხვა მიმართულებით წარიმართა და სასამართლო ხელისუფლებამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.