1772193240
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ბიუროკრატიაშიც იგივე პრობლემებია, რაც ბრიტანულ ბიუროკრატიაში, გადაწყვიტეს, საქართველოში ცოცხალ-მკვდარ ოპოზიციას გამოსაცოცხლებლად რაღაცები გადმოუგდონ
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან. პირდაპირ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია, ჩანს გარე ჩარევა თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილზე, რომელშიც ის წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.
კობახიძის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიაშიც იგივე პრობლემებია, რაც ბრიტანულ ბიუროკრატიაში, გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ხედავენ ცოცხალ-მკვდარ ოპოზიციას, რომელსაც, პრაქტიკულად, მაჯისცემა არ ესინჯება და კოორდინირებულად გადაწყვიტეს, გამოსაცოცხლებლად რაღაცები გადმოუგდონ ოპოზიციას.
„ამას ემსახურება ეს სანქციები, რომლებიც საერთოდ არ არის შედეგზე გათვლილი, გათვლილია მხოლოდ იმაზე, იქნებ ცოტათი მაინც გამოაცოცხლონ აქ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიცია. იმავეს ემსახურება ევროკომისიის პრეზიდენტის ეს განცხადებაც, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს, პირველ რიგში, ასოცირების შეთანხმებიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, თუ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით. მთავარია, მათ შეცვალონ დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველო ევროკავშირს სთავაზობს ღია და გამჭვირვალე დიალოგის განახლებას.
„იცით, რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცალმხრივად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს დიალოგის განახლებას და ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ღია და გამჭვირვალე დიალოგს. ამის იქით, მე ვერ ვხედავ ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ ბერკეტებს. ერთადერთი ბერკეტი არის ღია და გამჭვირვალე დისკუსია, რაც უნდა განახლდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვთავაზობთ მათი გადაწყვეტილების გადახედვას, რომელიც მიიღეს 2024 წლის ივნისში – გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე. თუ გადახედავენ ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად“, – განაცხადა კობახიძემ.











