ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: საქართველო მრავალი წელი აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი გასაკვირია

ირაკლი კობახიძე

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია, - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს მიმართავს.

„ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვენსს

რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

- პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა “დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია“, - აღნიშნულია წერილში.