ირაკლი კობახიძე: დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება

კობახიძე

დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.

თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევებს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი, ველოდებით 60% -მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ მინისტრმა ნომერ მეორე ვაკის საარჩევნო ოლქში შემავალ 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.