ირაკლი კობახიძე: არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

ირაკლი კობახიძე

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია.

„სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმე არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.