ირაკლი კობახიძე: აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება, რაც სამწუხაროა იმ განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს

ირაკლი კობახიძე

ბრიტანულ ბიუროკრატიას იგივე ძალები მართავენ, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ევროპულ, ისე ბრიტანულ ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია.

„რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და თავისთავად ის ფაქტი რომ ბრიტანეთის ელჩი მივიდა ხელცარიელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამის კიდევ ერთი დასტურია. რეალურად არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიტანა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ. რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია. არის სერიოზული პრობლემები მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში, შესაბამისად იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. სხვათაშორის ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ დიფ სთეითი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას და ამის შედეგები არის სახეზე. არის საერთო კოორდინაცია, ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე რომელიც, დიდ ბრიტანეთს აქვს“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.