ბილ კლინტონი, ეპშტეინის საქმის გამოძიების ფარგლებში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე ჩვენებას მისცემს

ბილ კლინტონი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე დახურულ კარს მიღმა ჩვენებას მისცემს. 

რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედმა კომიტეტმა გუშინ უკვე გამოჰკითხა ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი. შეკითხვები ეხებოდა მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავესთან, ეპშტეინთან შესაძლო კავშირებს.

ჰილარი კლინტონმა ჩვენებისას განაცხადა, რომ ეპშტეინს არ იცნობდა, არ ახსოვს მასთან შეხვედრა და არასდროს ყოფილა მის კუნძულზე, სახლში ან ოფისში. მისი თქმით, კომიტეტის წევრებმა არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა ეპშტეინთან შესაძლო ნაცნობობის შესახებ.

ჩვენების დასრულების შემდეგ კლინტონმა აღნიშნა, რომ კითხვები მხოლოდ საქმეს არ ეხებოდა. მისივე თქმით, კომიტეტმა მას ისეთი თემების შესახებაც ჰკითხა, რომლებიც გამოძიებასთან კავშირში არ არის, მათ შორის — უცხოპლანეტელების თემა და ე.წ. „პიცაგეითის“ შეთქმულების თეორია.

ამ ეტაპზე არც ბილ კლინტონისთვის და არც ჰილარი კლინტონისთვის რაიმე სახის ბრალი არ წაუყენებიათ.