ირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა - ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“

ირაკლი კირცხალია

ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ასევე მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

კირცხალიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრებმა დღეს თავის მართლება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.

„თქვენ აქ როცა შემოხვედით პირველად, ჩვენ გითხარით – ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, კოლექტიური ნაცები, იგივე აგენტები და მათი შთამომავლები. მეორე – ასევე მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს. პირველში, თავის მართლებაში ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ კულტურაში, რომ შეიგრძნოთ, სად ხართ და როგორ უნდა ილაპარაკოთ, ნამდვილად დაგეხმარებით, ამის პირობას გაძლევთ.

ჩვენ დაგეხმარებით, რადგან ეს გამომდინარეობს აღზრდიდან. როცა გამოდიხართ ამ ტრიბუნიდან, მესმის, რომ რაღაც სიახლეა თქვენთვის, ძალიან რთულია, ღმერთმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი და ღირსეული ქართველი, რომ თქვენს მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ ზოგადად თავი, როგორ ძალასაც თქვენ წარმოადგენთ. როდესაც საუბრობთ – ჩვენი პოლიტიკური ძალა, უბრალოდ სირცხვილია. დღეს თქვენი გამოსვლით, ეცადეთ, თავი გემართლებინათ, რომ არ ყოფილიყავით „ნაცები“, არ გამოგივიდათ, მეგობრებო, გილოცავთ. რაც შეეხება კულტურას, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, რომ უფრო კულტურულად მოიქცეთ თქვენი რიტორიკით, მიმართვის წესით და ა.შ. ამის პირობას გაძლევთ“, – მიმართა ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ამასთან, ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენას და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ მოისმინა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.

„მოისმინა ამომწურავი პასუხი მათ შორის ისეთ კითხვებზე, რომლებიც შევადგინეთ და გამოვაგზავნეთ თქვენთან, რა თემების ირგვლივაც ცდილობდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს აგენტები, ესპეკულირათ. დარწმუნებული ვარ, ის ცრუ აღქმები, რის დათესვასაც ცდილობენ, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საბოლოოდ გაქარწყლდა. ბატონო პრემიერო, მინდა, უმრავლესობის სახელით უპირობო მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ თითოეულ ნაბიჯში, რომელიც იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

რაც შეეხება ლობირებას, უსამშობლომ არ იცის, რას ნიშნავს ქვეყნის ლობირება. იცოდეთ და ამასაც ვერ გასწავლით, რომ ლობირება არის ქვეყნისა და სამშობლოსი, ეს არის ყველაზე მთავარი. დანახვა, შეგრძნება და ცოდნა უნდა, რა არის სამშობლო“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.