ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხუთი პრიორიტეტი დაასახელა

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხუთი პრიორიტეტი დაასახელა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ბრიუსელის ხუთი პრიორიტეტია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, უკრაინის სუვერენიტეტი, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს აქტიური მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და ეს უსაფრთხოების გარანტიების ნებისმიერი სისტემის ფუნდამენტური,  აუცილებელი ნაწილია.

„მსურს, გამოვყო ევროპისთვის რამდენიმე ძირითადი პრინციპი, როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და „მსურველთა კოალიციასთან“ შემდგომი წინსვლის გზაზე. პირველი პრიორიტეტი არის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ასევე, ის უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინისა და ევროპის ნამდვილ უსაფრთხოებას. უკრაინას სჭირდება საიმედო, გრძელვადიანი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, როგორც უფრო ფართო პაკეტის ნაწილი. ასევე ნათელია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს ევროპული უსაფრთხოების გარანტიებს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ დღეს საზღვრების რღვევას, ლეგიტიმაციას და ფორმალიზებას მოვახდენთ, ხვალ ახალ ომებს კარს გავუღებთ. ამის დაშვება არ შეგვიძლია. ევროპის მომავალი უკრაინის მომავალზეა დამოკიდებული. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. ეს არ არის მხოლოდ ბედისწერის საკითხი, არამედ უსაფრთხოების გარანტიების ნებისმიერი სისტემის ფუნდამენტური და აუცილებელი ნაწილია. ერთი პრინციპი მიღებულია, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე და არაფერი ნატო-ზე ნატო-ს გარეშე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.