ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში არ არის დარჩენილი არცერთი ადამიანი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც ძალიან მძაფრად ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და რომელიც არ განელებულა

ირაკლი კირცხალია

დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში არ არის დარჩენილი არცერთი ადამიანი, რომელიც დღეს ეჭვქვეშ აყენებს იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც ძალიან მძაფრად ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და რომელიც რეალურად არ განელებულა, სანამ არ დამთავრდება ეს სისხლისმღვრელი პროქსი-ომი ევროპის შუაგულში, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერს ამართლებს „დახელფასებული აგენტურაა“.

„დარწმუნებული ვარ, ამ დახელფასებული აგენტების გარდა აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება რა სახის საფრთხეს ავარიდეთ ქვეყანა ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. წარმოიდგინეთ, სად ვიქნებოდით. პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენებულები ვიქნებოდით, როგორც სტატისტიკა, რომ ვიღაც არარჩეულ ბიუროკრატს, ვიღაც ხელდასხმულ პოლიტიკოსს ბრიუსელის დერეფნებში პრესკონფერენციაზე ეკეთებინა განცხადება, რომ საქართველოც ასეთ ამბავშია.

და რას მივიღებდით აქ? რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიღებდა გაშლილ წითელ ხალიჩებს, გამოაგზავნიდნენ აქ ჰოლივუდის სხვადასხვა მსახიობს, დააღვრევინებდნენ ცრემლს, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. და ამით რა? დაღუპული ბავშვები, ამომწყდარი ოჯახები, მილიონობით მიგრირებული ქვეყნის გარეთ, ათობით ათასი მიგრირებული ქვეყნის შიგნით და სრულიად განადგურებული ქვეყანა - აი ამას ასცდა საქართველო და ამას ააცდინა ჩვენი ქვეყანა საზოგადოების გონივრულმა გადაწყვეტილებამ და იმ გუნდმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამ უბედურებასა და საშინელებას ავცდით და დღეს ეს ყველასთვის ნათელია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა კირცხალიამ.