ირაკლი კირცხალია - ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, უმთავრეს ამოცანად რჩება პოლიტიკური სივრცის "აგენტურისგან" გათავისუფლება, რათა ასპარეზი ეროვნულ და ღირსეულ პოლიტიკურ ძალებს დაეთმოს.

"სწორედ ადამიანი, ის ღირებულება, ის ფასეულობა და მისი უფლება იყო, პირველ რიგში, ჩვენი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ღირებულება და ფასეულობა, სწორედ აი, აქედან გამომდინარეობს შემდეგ ის უწყვეტი მშვიდობა. როდესაც მე ივანიშვილების ოჯახზე ვსაუბრობ, 2012-ში რომ არ გამოჩენილიყო ბატონი ბიძინა, ქვეყანა ასე არ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ქვეყანაში ეს ვითარება არ იქნებოდა, ეს ეკონომიკური მდგომარეობა არ იქნებოდა და ეს უწყვეტი მშვიდობა არ იქნებოდა. როდესაც ვამბობ, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში ამ ოჯახის სახელი და გვარი, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ აი, ამდენი შემოტევის მერე, ამდენი ბულინგის მერე, ამდენი უსამართლობის მერე, ის იმ ღირებულებების მაგალითია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მისი პრინციპები, მისი მოქმედება და მისი ნაბიჯები. მაგალითი იყო, არის და იქნება და აი, ამ მაგალითით მოვდივართ. და აი, ამ მაგალითით უდგას ამ გუნდს სათავეში თავისი სამშობლოს სიყვარულით. აი, ეს იყო და ის მშვიდობა, რასაც მივაღწიეთ, მიუხედავად აი, ამ ტურბულენტური ზონისა.

გასაკეთებელი ყოველთვის ბევრი იქნება. მათ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც აი, ასე ვითარდება და ასე სწრაფად ვითარდება. ძალიან ბევრი იქნება ეკონომიკური განხრით და ხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენი ეკონომიკური გუნდი და რა ინფრასტრუქტურული პროექტებია და რა მიღწევები აქვს ეკონომიკურ გუნდს ამ მთავრობაში. გადახედეთ, დღე არ გავა, რომ ახალი ხელშეკრულება, ახალი პარტნიორობა, ახალი ავიამიმოსვლა, საზღვაო კუთხითაც, საჰაერო კუთხით, ყველა კუთხით, რკინიგზის კუთხით, პორტები, აეროპორტები, აი, ყველაფერი. მაგისტრალები და ასე შემდეგ, ვითარდება ეს ყველაფერი.

და მეორე, რასაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაზე მთავარი, რაც არის გასაკეთებელი, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად განვითარდეს, კიდევ უფრო მეტი შანსი ჰქონდეს მართლაც ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ კიდევ უფრო ეფექტურად განავითარონ ეს ქვეყანა ყველა მიმართულებით, არის, რომ აი, ეს აგენტურა უნდა მოვაცილოთ. და მივიყვანოთ იქამდე, რომ პოლიტიკური ველი განთავისუფლდეს აგენტურისგან და პოლიტიკური ველი დაიკავონ ეროვნულმა, ღირსეულმა ძალებმა.

დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ოცნება ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ასე გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, ბატონ ბიძინას მინდა მივულოცო ხვალინდელი დღე [პირველი ოქტომბერი] და მთელ ჩვენს გუნდს და მთელ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი მონაპოვარი რაც არის, ეს არის ადამიანი დღეს და აი, აქედან და ამ მთავარი ღირებულებიდან გამომდინარე, ის უწყვეტი მშვიდობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

✕