ირაკლი ფავლენიშვილი: ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა ჰქონდეს, რადგან კანდიდატი ქვეყანა ვართ

ირაკლი ფავლენიშვილი

აშშ-სა და საქართველოს განსხვავებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აღვნიშნავთ, რომ ამერიკაში კი არ არის დიქტატურის დამყარებაზე პრობლემა, ეს პრობლემა საქართველოშია, დასავლეთში ამის გამო წუხილს გამოთქვამენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა ჰქონდეს, რადგან კანდიდატი ქვეყანა ვართ.

„ასევე არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოზიციები, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჰქონდა და გაფართოების პროცესში ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყნად აღიქმებოდა და ამერიკას მსგავსი ინსტიტუციური ბმა არ გააჩნია. ამერიკაში დიქტატურის ნიშნები არ არის. მე ვამბობ, რომ დიქტატურის ნიშნებია საქართველოში. ამერიკის და ევროკავშირის პრობლემა სხვა ტიპის პრობლემაა. ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა ჰქონდეს, რადგან კანდიდატი ქვეყანა ვართ და თუ არ გვსურს, ევროკავშირის წესებს დავემორჩილოთ, მაშინ ლოგიკურია, რომ გაფართოების ამ პროცესში აღარ უნდა ვიყოთ. შეუძლებელია, ევროკავშირისთვის პრობლემას არ წარმოადგენდეს ქვეყანაში დიქტატურა იქნება თუ არა. ივანიშვილმა რა კანონებიც მიიღო, ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.