ირაკლი ჭეიშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე: ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ იტყუებოდნენ, ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი

ირაკლი ჭეიშვილი

ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალური არ იყო.

„ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ თურმე იტყუებოდნენ. ზოგადად ამბობენ, თითქოს დემოკრატია აქვთ პარტიაში და დემოკრატიულად ირჩევენ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე კი ჩანს, რომ თურმე ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი“.