1740388520
ინტენსიურად იწმინდება ქუჩები. ამ დროისთვის, პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ გვაქვს - ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში. ინტენსიური თოვის გამო, სკოლებისა და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა. მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში ასზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. მაგისტრალებზე ყრიან მარილს, იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს, მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრო მომარაგების აღსადგენად.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება და, ამ ეტაპზე, ქალაქში ამ მხრივ პრობლემური ქუჩა არ არსებობს.
"ორი დღეა, გადაუღებლად თოვს ქალაქში. შესაბამისად, სამსახურები შესაბამისი ტექნიკით გამოსული არიან და ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა. ამ დროისთვის, რაიმე პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 48 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ქალაქში გადაადგილება იყოს უსაფრთხო," - აცხადებს დავით ერემეიშვილი.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.