იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გია ბარამიძემ მითხრა, ძალიან ცუდად იყო საქმე და უმჯობესი იყო, თუ გადავდგებოდი, ცხადია, მუქარა მოდიოდა მერაბიშვილისგან, ოქრუაშვილისგან და სააკაშვილისგან - შალვა ობგაიძე

შალბა ობგაიძე

რატი ალექსიძის უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი მეუბნება, რომ რატი ალექსიძის  ავტომობილს, რომელიც უნდა მდგარიყო საჯარიმო მოედანზე, ხშირად ხედავენ ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე. ნახევარ საათში მირეკავს თავად რატი ალექსიძე, ასევ გელა ნიკოლაიშვილი და მეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი იპოვეს მშრალ ხიდზე, – ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ოგბაიძის თქმით, აღმოჩნდა, რომა ვტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა, მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე.

„2003 წლის დეკემბრის დასაწყისში დავინიშნე იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახელგატეხილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად. ერთ დღეს მირეკავს გელა ნიკოლეიშვილი, ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი და მეუბნება, რომ რატი ალექსიძემ მთხოვა, თქვენთვის მომემართაო, რომ მის ავტომობილს, რომელიც უნდა მდგარიყო საჯარიმო მოედანზე, ხშირად ხედავენ ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე. მაშინ რატი, თუ არ ვცდები, კიევის დინამოში თამაშობდა. შემდეგ ვურეკავ პროკურორ მამუკა გვარამიას, რომელიც მეუბნება, რომ ეს ავტომობილი დგას პროკურატუროს შენობაში. რა თქმა უნდა, ის იტყუება. შევთანხმდით, რომ ავტომობილი დაკავებაზე უნდა გადაგვეცა და გადავეცით დაკავებაზე. ნახევარ საათში მირეკავს თავად რატი ალექსიძე, ასევ გელა ნიკოლაიშვილი და მეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი იპოვეს მშრალ ხიდზე. რატის ვუთხარი, რომ ავტომობილი უნდა წარმოედგინა საგზაო პოლიციაში, რადგან იყო კანონგარეშე და შესაბამისი პროცედურები უნდა ჩატარებულიყო. როგორც გადმომცეს, ქალბატონი იჯდა მანქანაში და, თუ არ ვცდები, მძღოლი იყო კობა სუბელიანი. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაცაიას უწევდა გიგი უგულავა, მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე. ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა, მაგრამ ჯერ ქალაქის მერი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო, შავი პიარის აგორება. იმავე საღამოს მიბარებს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროში, მე ვწერ გადადგომის შესახებ განცხადებას. ამის შემდეგ იწყება შავი პიარის აგორება, რაც ყველაზე მძიმე გასამკლავებელია. დამიბარა გია ბარამიძემ. ერთ დღეში მოხდა ყველაფერი. მან მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე, იყო ძალიან შეშფოთებული და მომეჩვენა, შეშინებულიც. მიხსენა, რომ მე აუცილებლად დამიჭერდნენ. თურმე ის ყველანაირად ეცადა მაშინ, რომ არ დავეჭირე. შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო, თუ დავწერდი განცხადებას და გადავდგებოდი“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოგბაიძეს მიმართა: „შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქარა. ვისგან მოდიოდა?“, რაზეც ოგბაიძემ აღნიშნა:

„ცხადია, ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილი“.