იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად, მიზნობრივად იხარჯებოდეს თითოეული ცენტი, ვხედავთ რაშიც იხარჯება და სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი როგორ ახალისებს ამ პროცესს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ახალი კითხვები ოფიციალურ ბერლინს. ბუნდესტაგის ოპოზიცია საქართველოში წარმოებული საინფორმაციო კამპანიების დაფინანსებით ინტერესდება.

გერმანიის ფედერალურ მთავრობას საკუთარ პარლამენტში მოუწევს განმარტებების გაკეთება იმ პროექტების შესახებ, რომლებიც, გერმანული ოპოზიციური პარტიის შეფასებით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბუნდესტაგში ოფიციალური კითხვები წარადგინა, სადაც დეტალურად არის განხილული საგარეო უწყების მიერ დაფინანსებული ინიციატივები.

საუბარია პროექტზე - "ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის".

ავტორთა შეფასებით, პროგრამა საქართველოში LGBTQ უფლებებისა და ერთსქესიანთა ქორწინების პოპულარიზაციას ემსახურება.

გერმანელი დეპუტატები ეჭვქვეშ აყენებენ პროცესის გამჭვირვალობას და ინტერესდებიან, რა მოცულობის საბიუჯეტო სახსრები გამოიყო ამ ინიციატივებისთვის, რა არგუმენტებით მიიჩნევს ბერლინი საქართველოს "ლგბტ კანონს" ანტიდემოკრატიულად და რა კონკრეტულ "ყალბ ამბებზე" საუბრობდა გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ყაირათიანად, კეთილსინდისიერად, მიზნობრივად იხარჯებოდეს თითოეული ცენტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ რაშიც იხარჯება და სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი როგორ ახალისებს ამ პროცესს.

"ჩვენთან ამაზე უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს თუ რატომ შემოდის ეს ფული, სად იხარჯება და როგორ იხარჯება. მაგრამ, იმედია, რომ გერმანელები ამას გაარკვევენ. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, არა თუ AFD, არამედ ყველა პარტიამ, მათ შორის გერმანიაში, პასუხისმგებლობიანმა და სამთავრობო პარტიებმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხი. წინა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გერმანიის მთავრობამ ყველანაირად შემოუარა და ამ კითხვებს გვერდი ისე აუარა, რომ არანაირი ინფორმაცია არ გაამხილა. ამით არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია, რაც მთავარია, საკუთარ მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია. თუ ისევ ამ ადამიანების ფულს სად ხარჯავენ და სად იყენებენ. თან როდის? მაშინ, როდესაც გერმანია სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ყაირათიანად, კეთილსინდისიერად, მიზნობრივად იხარჯებოდეს თითოეული ეს ცენტი, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ რაშიც იხარჯება და სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი როგორ ახალისებს ამ პროცესს. ამიტომ, არა თუ ის უნდა შეისწავლონ რაში იხარჯება, მე ვისურვებდი ისიც შეისწავლონ როგორ იქცევა მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.