„იმედის“ პროდიუსერი: ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზეს, რაზედაც უარი განვაცხადე. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა და იხეირა კიდეც ასეთი შეთავაზებით. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ამ პირობებში მომავალი არ გვქონდა

სოფო ნიკოლაიშვილი

უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო. შემდეგ იყო ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის გაყალბება, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრაზე და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლაიშვილის შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ ბრძანეთ, რომ ძალადობრივი განწყობის ჩანერგვა სცადეს, როცა ჟურნალისტებს უბრძანეს, რომ კედელთან დამდგარიყვნენ. შემდეგ იყო მუქარები, ზოგს ფული შესთავაზეს, ზოგს ოჯახის წევრის განადგურებით ემუქრებოდნენ. თქვენ შემთხვევაში თუ იყო ამგვარი [შემოთავაზება] რა იყო თქვენი პასუხი და როგორ გააგრძელეთ შემდეგ მუშაობა?“

სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც კრედიტის დაფარვა, ასევე, სხვა სამსახურის ვარიანტები შესთავაზა.

„ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და მე და ჩემ მეუღლეს კრედიტების დაფარვა შემოგვთავაზა, ასევე სამსახურის რამდენიმე ვერსია. ყველანი ვაცნობიერებდით რაღაც მომენტში რომ ამ პირობებში რეალურად მომავალი არ გვქონდა. რა თქმა უნდა კატეგორიული უარი განვაცხადეთ კრედიტების დაფარვაზე და ფულზე. სამსახურზე ვუთხარი, რომ ვიფიქრებ-თქო, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შევძელი ცხადია და დავრჩი იმედში. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, სხვამ - სხვა გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

თეა წულუკიანის კითხვაზე - თქვენთვის როგორ არის ცნობილი, ყველა მუქარის გამო შეშინდა და წავიდა თუ იყვნენ ჟურნალისტები, ვისზეც გაჭრა მაგალითად კრედიტის დაფარვის შეთავაზებამ? - ნიკოლაიშვილმა ასე უპასუხა:

„იცით, არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი. ეს იყო ისეთი რთული პროცესი, იქ ადამიანები ერთმანეთს არ უყვებოდნენ ვინ მოდიდოდა და ვინ მოდიოდა. შიშის ფაქტორიც იყო, სინდისის ქენჯნაც… [იყო კითხვები] - ხომ არ წახვალ, ხომ იქნები, - არა არა სად წავალ და მეორე დღეს დაინახავდი, რომ მიჰყავს რაღაცა საინფორმაციო [სხვა არხზე] ანუ, ერთმანეთში ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა. ეს არ იყოს ღია პროცესი. პირადად ჩემთანაც ჰქონდათ ამაზე კომუნიკაცია“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მორიგ კითხვაზე - ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მას დაუკავშირდა კონკრეტული შეთავაზებებით, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ის იყო შუამავალი მასა და ხელისუფლებას შორის.

„ასე ვთქვათ, ის იყო გამოგზავნილი ინსტრუმენტი, რომელმაც ეს წინადადება მოიტანა ჩემამდე. ცხადია ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც ვისთან მიესვლებოდა, ცხადია პირადად სააკაშვილი და მერაბიშვილი არ აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს. ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა კიდეც, იხეირა კიდეც, თუმცა იმდენად რთული და მძიმე სიტუაცია იყო რომ აქ ან გქონდა მომავალი, ან იყავი მტერი და საერთოდ გქონდა მომავალი.ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

შემდეგ ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური ტანჯვა ერქვა ამ ყველაფერს. არეულ იყო ტყუილ-მართალია ერთმანეთში იმ პერიოდში. შემდეგ იმედის შენარჩუნებაზე იყო ბრძოლა, რომ ვითომ თანამშრომლებზე გადაფორმდებოდა წილი, თუმცა არაფერი არ გამოვიდა. ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერების შემდეგ წარმოუდგენელი გახდა მუშაობა, იმიტომ რომ რესპონდენტებიც არ მოდიოდნენ, იმედი დაიხურა და შემდეგ იყო ის, რომ მე 6 წელი არ ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში საერთოდ.

ნახეთ როგორი თანმიმდევრობით მოხდა ეს ყველაფერი: ფიზიკური ძალადობა, შემდეგ ფსიქოლოგიური - მე შემიძლია ერთ დღეში გაგანადგურო ყველა კანონის დარღვევით. სააკაშვილმა მეორე დღეს დემოკრატიის დაცვა უწოდა იმედში შემოჭრას. ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია როგორი განსასაზღვრი იყო შენი ბედი, როგორც ჟურნალისტის. უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო იყო და შემდეგ გაფეიკება და გაყალბება ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის, რომელმაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად. ეს იყო საბოლოო დარტყმა, იმედი ფაქტობრივად გაანადგურეს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.