ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750777337
განსაკუთრებული მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს. ჩვენ მოგვეცა საშუალება, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად გვემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ დროს, ბევრი გამოწვევის პირობებში უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, იმედი აქვს, ახალ ფორმატში შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარება, კოორდინირება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტები, რომლებიც დაწყებულია და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.
„მაღალ დონეზე კოორდინაციის პირობებში საშუალებას გვექნება, პროექტები კიდევ უფრო დაჩქარდეს, უფრო სწრაფად განხორციელდეს. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საკეთილდღეო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა, სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებით გარკვეული წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები შენს ქვეყანას და შეგიძლია, მცირეოდენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს ახალ პოზიციაზე. ეკონომიკის სამინისტროში ყველა გახარებული ვართ, რომ ახალი ეტაპი იწყება ეკონომიკის სამინისტროს ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყველა წამოწყება, რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, შენარჩუნდება ახალი ძალებით და ახალი ენთუზიაზმით. კიდევ ბევრი რამ გაკეთდება და ეს აუცილებელი ეტაპია განვითარებისთვის. მარიამ ქვრივიშვილი იყო ძალიან წარმატებული, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველასთვის საკმაოდ ცნობილი სახეა. ვფიქრობ, ეკონომიკის სხვა მიმართულებებშიც ასეთივე წარმატებული იქნება და წარმატებით იქნება გამოცდილება გამოყენებული. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, უმაღლესი დონის პროფესიონალებს, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ასევე, დიდი მადლობა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებში, რომლებსაც ვატარებდით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.