იმედი გვაქვს, დაფასდება საქართველოს ძალისხმევა, თავგანწირვა, მათ შორის აშშ-ის ინტერესებისთვის და აშშ-საქართველოს ურთიერთობები დაუბრუნდება საღ, რაციონალურ ჩარჩოს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ტრამპი დღეს ფიცს დადებს და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება. დასრულდება ცივი ომის შემდეგ გარდაქმნის პროცესი და სამყარო ახალ ეპოქაში შევა, რასაც შეიძლება, თამამად ვუწოდოთ რეალიზმის ეპოქა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ყველა სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი იქნება საკუთარი ეროვნული ინტერესები და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა.

„ეს არის როგორც საფრთხე, ასევე შესაძლებლობა. საფრთხე და გამოწვევა შეიძლება იყოს იმ გაგებით, რომ დიდ ქვეყნებს მათი ეროვნული ინტერესების დაცვის მეტი რესურსი აქვთ და აქ შეიძლება, პატარა სახელმწიფოების ინტერესები გაიწიროს, მაგრამ, მეორე მხრივ, მაგალითად, ეს საქართველოსთვის შეიძლება, ასევე იყოს შესაძლებლობა, რადგან ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი როლი, საჭიროება და ინტერესი გამოვკვეთოთ და დავამთხვიოთ ამერიკის ინტერესს.

ჩვენი სურვილი და მოლოდინიც სწორედ ეს არის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში საღი აზრი დაბრუნდება და არა უბრალოდ რაღაც უცნაური პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, მთელი მსოფლიო ასე აფასებს ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას. ჩვენი სურვილი და მოლოდინია, დავუბრუნდეთ საღ აზრს, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას და იმედი გვაქვს, საქართველოს გასული წლების ძალისხმევა, თავგანწირვა, მათ შორის ამერიკის ინტერესებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, დაფასდება და აშშ-საქართველოს ურთიერთობები დაუბრუნდება საღ და რაციონალურ ჩარჩოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.