ილია ინჯია: რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მანიპულირებდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების თემით

ილია ინჯია

“ქართული ოცნების” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი პარლამენტში ილია ინჯია სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასა და პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მანიპულირებდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების თემით.

“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ქულების მოპოვებისა და სპეკულაციის საგანი გახდა.

ყველას კარგად უწყის, რომ მათი დესტრუქციული ქმედებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციისკენ და ცხადია, ამ მიზნის მიღწევას ისინი ნებისმიერ ფასად შეეცდებიან.

რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მანიპულირებდა კანდიდატის სტატუსით მინიჭება არ მინიჭების თემით და ცდილობდა ეს საკითხი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის გამოეყენებინათ.

ამჯერად, მათი მიზანია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება არ დაწყების თემით ააგორონ საპროტესტო ტალღა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ეს იარაღი 2028 წლამდე ჩამოერთვათ ევროკავშირის რადიკალურ დეპუტატებს.

რეალურად, ირაკლი კობახიძის განცხადება და მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

უფრო მეტიც, ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იქნება ქვეყნის ეკონომიკის მეტად გაძლიერება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტურად განხორციელება ევროკავშირის მხრიდან მუდმივი შანტაჟის გარეშე.

დარწმუნებული ვარ, ახალ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ღირსეულად გავაგრძელბთ სვლას.

ეჭვგარეშეა, რომ ზუსტად ისე, როგორც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, 2028 წლისთვის მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან, ხოლო 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღირსეულად შეაღებს ევროკავშირის კარებს და ამისთვის უარის თქმის იოტისოდენა მიზეზიც კი არ იარსებებს”, - წერს ილია ინჯია.